ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის შესახებ
პატივცემულო თანამემამულეებო,
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამას უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის. პროგრამაში ჩართულია 5-დან 15 წლამდე ასაკის 255 მოსწავლე 36 ქვეყნიდან. მათ დისტანციურ რეჟიმში ქართულ ენას ასწავლის 32 პედაგოგი. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსწავლეებიც და მშობლებიც დადებითად აფასებენ მიღწეულ შედეგებს, რაც სასწავლო კურსის მიმართ მზარდ ინტერესში გამოიხატება.
ქართული ენის შესწავლის მსურველ მოსწავლეებს (მათ მშობლებს ან მეურვეებს) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დისტანციური სკოლის ვებ-გვერდზე: http://distancelearning.mes.gov.ge/ge .
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.