საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ძლიერი ქართული დიასპორის როლს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორინეტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა - 10 მიზანი“  წარდგენისას, უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირებისთვის ქართული დიასპორის გაძლიერებისა და კულტურული დიპლომატიის განვითარების აუცილებლობაზე.

„2030 წლისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი დიასპორა,  ძლიერი ქართული კულტურულ - საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის განვითარებასა და საქართველოს ინტერესების გატარების პროცესში,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მომდევნო ათი წლის მანძილზე მოხდება სახელმწიფოსა და  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალი ქართული კულტურული კერების დაფუძნება, საკონსულო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერების გზით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა და საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. გარდა ამისა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განხორციელდება „დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის - ლევილის ქართული აკადემიის“ განვითარება.

რაც შეეხება კულტურული დიპლომატიის მიმართულებას, დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია ქართული კულტურის შესახებ მსოფლიო ცნობადობის გაზრდა და საქართველოს, როგორც ევროპული იდენტობის მქონე ქვეყნის იმიჯის დამკვიდრება.

ამ მხრივ საგარეო უწყებას მომავალი ათი წლის მანძილზე დაგეგმილი აქვს მრავალი აქტივობა - საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) აქტიური თანამშრომლობა, ასევე, მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებში და ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საქართველოში ჩატარება.