საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინსკში საელჩოს საზეიმო მიღება გაიმართა

27 მაისს, მინსკში, საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მინსკში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, აკადემიური, კულტურული, ბიზნეს და მედია წრეების წარმომადგენლები, ასევე ბელარუსში მცხოვრები ქართველები. 
საზეიმო ღონისძიება საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ხალხური მუსიკის გუნდისა და დაროს მიერ შესრულდა, რის შემდეგაც მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ დვორნიკმა. 
სპეციალურად მიღებისთვის საქართველოდან სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი მუსიკოსი მაია ბარათაშვილი. მუსიკოსმა მის ბენდთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის ჯაზის ცნობილი კომპოზიციები და ცნობილი ქართული სიმღერების მისთვის დამახასიათებელი ელეგანტური სტილითა და ინტერპრეტაციით შეასრულა, ხოლო ბელარუსში მცხოვრები ქართველებისაგან შემდგარმა ანსამბლმა „მზიური საქართველო“ ქართული ხალხური საცეკვაო ნომრები წარმოადგინა. საღამოზე, ევგენი მიქელაძის ხალხური მუსიკის გუნდის მიერ, ქორმაისტერის ბადრი ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობა, რამაც მსმენელი უდიდესი ემოცია და აღტაცება გამოიწვია. 
მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ეროვნული კერძები. 
საქართველოს საელჩო მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის კომპანიებს „ბორჯომს, „ორბი ჯგუფს“, ღვინის კომპანიებს ვაზიანი და GRW, „ბელგლობალგარანტს“, ბელარუსის სახალხო ბანკს და ქართულ რესტორნებს „ლირა“ და „ჩიტოს“.