საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

4 დეკემბერს, მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, გაიმართა საქართველოს ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. შეხვედრის დასაწყისში ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა ელჩს საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული თანამშრომლობა ყველა სფეროში და დაუდასტურა ამ თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა ლოგისტიკის სისტემის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ინიციატივებზე. აღნიშნული საკითხი ასევე იქნება ქვეყნებს შორის  მთავრობათაშორისი მომდევნო სხდომის დღის წესრიგის ერთერთი მთავარი საკითხი. 

ელჩმა ბელარუსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მინსკში საქართველო სავაჭრო სახლის გახსნის იდეის მხარდაჭერისათვის, აქვე აღინიშნა, რომ სავაჭრო სახლი მინსკის ცენტრში უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და მასში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და ქართული პროდუქცია.   

განხილულ იქნა ურთიერთმოქმედება სოფლის მეურნეობის დარგში. საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ სპეციალურად საქართველოს რელიეფისათვის შექმნილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ წარმატებით გაიარა ადაპტაცია, შესაბამისად იგეგმება ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ვალერი კვარაცხელიამ ბელარუსის პრეზიდენტთან განიხილა სამედიცინო სფეროში ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პერსპექტივები, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ამჟამად საქართველოში სხვადასხვა კლინიკაში წარმატებით საქმიანობს 15 ბელარუსი ქირურგი, ხოლო დაახლოებით 150 ქართველი მედიცინის დარგში პროფესიული განვითარებისათვის ბელარუსში დიპლომისშემდგომ განათლების კურსს გადის.

შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოსა და ბელარუსს შორის ხალხთა შორის კავშირების  ხელშეწყობის გზები, მათ შორის, ორი ქვეყნის მოქალაქეებისათვის მგზავრობის ხელმისაწვდომობის და გზების გაიოლების საკითხები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წელს იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ბელარუსიდან საქართველოში მოგზაურთა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.2%-ით არის გაზრდილი (წელს ბელარუსი საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობით ტოპ-10 ქვეყანას შორის პირველად მოხვდა).

მხარეებმა განიხილეს კულტურული კავშირებიც, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მიესალმება ქვეყნებს შორის კულტურული კოლექტივების თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს. აგრეთვე, მან აღნიშნა, რომ ბელარუსში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე ტრადიციად ქცეული „თბილისობის“ ფესტივალი, რომელმაც მოახერხა მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა მინსკის კულტურულ ცხოვრებაში.  საპასუხოდ, ელჩმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარის მიერ ფესტივალის აქტიური მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს მინსკში ქართული კულტურის დღესასწაულის - თბილისობის კიდე უფრო მასშტაბურად აღნიშვნისათვის.

საუბრის დასასრულს, მხარეებმა ისაუბრეს  მინსკის ცენტრში მიწის ნაკვეთის საქართველოს საელჩოსთვის გადაცემის საკითხზე.