საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისობა 2018

ბელარუსში საქართველოს კულტურის დღეების მეორე დღეს - 1 სექტემბერს საქართველოს საელჩოს, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მამულის“, თბილისის მერიის, მინსკის აღმასრულებელი კომიტეტისა და კომპანია „IDS Borjomi”-ს ორგანიზებით  მინსკის ისტორიულ ცენტრში მეოთხედ გაიმართა ფესტივალი „თბილისობა 2018“. მასში მონაწილეობდნენ  ქართული დიასპორის წევრები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში, ქალაქის ისტორიული ცენტრში არსებულ ქუჩებზე მოეწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმომჩენი გამოფენები, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების, ასევე საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მონაწილეობით.  

ამავე ტერიტორიაზე მოეწყო სპეციალური კუთხეები,  რომლებთანაც  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ  ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, ესწავლათ ქართული ანბანი და ცეკვის ელემენტები. აქვე გაიმართა მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ამასთანავე მოეწყო 20-მდე საკვები ობიექტი (pop ups), სადაც წარმოდგენილი იყო ქართული კერძები და ქართული ღვინო.

თბილისობა 2018 გაიხსნა თბილისის მერის, კახა კალაძის, ქ. მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი შორეცის, ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძისა და ფესტივალის გენერალური სპონსორის - კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვებით. ასევე ცერემონიის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მზევინარ აკობიას, ლელა ქანთარიას და ქართლოს ქავთარაძის გადაეცათ სპეციალურად დამზადებული სიგელები ბელარუსში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. გახსნის ცერემონიას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ  მოწვეული სტუმრები თბილისის მერიიდან და საკრებულოდან,  საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ბელარუსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის, ბიზნეს-სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 „თბილისობა 2018“-ის მთავარ სცენაზე  გაიმართა  ბელარუსში მოღვაწე და საქართველოდან მოწვეული შემსრულებელის კონცერტი, მათ შორის, მაყურებლის წინაშე წარსდგა ანსამბლი „ერისიონი“, თბილისის მერიის ბიგ ბენდის სოლისტები მაია ბარათაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, თემურ საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, მარიამ ებრალიძე, „ქართული ხმები“ ფესტივალი დაიხურა ნინო ქათამაძისა და ჯგუფი “Insight”-ის 2 საათიანი კონცერტით, რომელმაც დამსწრე საზოგადოების აღტაცება გამოიწვია.

ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა 2018“ არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ღონისძიება მინსკის კულტურულ ცხოვრებაში. არაოფიციალური მონაცემებით წელს დღის განმავლობაში მას მინიმუმ 100 ათასი ადამიანი დაესწრო.