საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზეიმო მიღება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

2018 წლის 30 მაისს Minsk Marriott Hotel-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელარუსში საქართველოს საელჩომ გამართა საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის, ბელარუსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ბელარუსის ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და ბელარუსის სამედიცინო სასწავლებლებში მოსწავლე ქართველი ორდინატორები. ღონისძიების სტუმართა შორის იყო ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო, ბელარუსის მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკ, ბელარუსის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე იგორ ბრილო, ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შილო, ბელარუსის განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სერგეი რუმას და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ულახოვიჩი. მიღებაში მონაწილეობა ასევე მიიღო მინსკში „ბელორუსის რესპუბლიკა-შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების“ ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში მყოფი "საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით.
ოფიციალურ ცერემონიაზე ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ მიმართეს დამსწრე საზოგადოებს მისასალმებელი სიტყვებით. აღსანიშნავია, რომ ელჩმა მოხსენება გააკეთა ქართულ ენაზე, რომელიც ითარგმნა ბელარუსულად და ინგლისურად. თავის სიტყვაში ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების მომენტში ჩამოყალიბებულ პრინციპებზე, ევროპულ ფასეულობებზე და აღნიშნული პროგრესული იდეების დღევანდელი დღისთვის აქტუალურობაზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღების ფარგლებში Minsk Marriott Hotel-ში გაიმართა ანსამბლი „შვიდკაცას“ კონცერტი, მოეწყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიძღვნილი და ასევე ბელარუსში მოღვაწე ქართული წარმოშობის მხატვრის ლეონიდ დანელიას ნამუშევრების გამოფენები.