საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისობა 2019

24 აგვისტოს საქართველოს საელჩოს, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მამულის“, თბილისის მერიის, მინსკის აღმასრულებელი კომიტეტისა და კომპანია „Borjomi”-ს ორგანიზებით მინსკის ისტორიულ ცენტრში გაიმართა საიუბილეო - მეხუთე ფესტივალი „თბილისობა 2019“.

ფესტივალის ფარგლებში, ქალაქის ისტორიული ცენტრში მდებარე ქუჩებზე მოეწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმომჩენი გამოფენები, ადგილობრივი და ქართული ტურისტული კომპანიების, ასევე საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაწილეობით. მოეწყო ქართული დიასპორის კუთხე, სადაც ფესტივალის მრავალრიცხოვან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ესწავლათ ქართული ანბანი და ცეკვის ელემენტები. ამასთანავე ფესტივალის მთლიან ტერიტორიაზე მოეწყო 40-ზე მეტი საკვები ობიექტი (pop ups), სადაც წარმოდგენილი იყო ქართული კერძები და ქართული ღვინო.

თბილისობა 2019 გაიხსნა მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ანატოლი სივაკის, თბილისის მერის, კახი კალაძეს, ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას, და კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლის ტატიანა სირცევას მისასალმებელი სიტყვებით. ელჩმა ბელარუსულ ენაზე წარმოთქმულ სიტყვაში, რამაც მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია, ყურადღება გაამახვილა საქართველო-ბელარუსს შორის ურთიერთობების ყოველწლიურად მზარდ დინამიკაზე, ასევე აღნიშნა რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

საზეიმო გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ელჩმა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს დადებითი იმიჯის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისათვის ქართული დიასპორის წევრები - ბელარუსის სახალხო ბანკის გენერალური დირექტორს კონსტანტინე წერეთელს, ექიმს ნიკოლოზ გორგოძესა და მომღერალს ტარიელ მაისურაძეს სპეციალური სიგელები გადასცა.

გახსნის ცერემონიას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები თბილისის მერიიდან და საკრებულოდან, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა, ბელარუსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის, ბიზნეს-სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„თბილისობა 2019“-ის მთავარ სცენაზე გაიმართა ბელარუსში მოღვაწე და საქართველოდან მოწვეული შემსრულებელის კონცერტი, მათ შორის, მაყურებლის წინაშე წარსდგა ქართული ცეკვის ახალგაზრდული საფესტივალო ანსამბლი (ხელმძღვანელი გიორგი კეღოშვილი), ჯგუფი „ირიაო“, გიორგი ფუტკარაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და დავით გომართელი. ფესტივალი დასრულდა პოპულარული ქართული ჯგუფის „მგზავრების“ კონცერტით.

ამავე დღეს, საქართველო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ მინსკში საზეიმოდ გახსნეს „ქართული სახლი. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. „ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„ქართული სახლი“ ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ასევე, ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, ქართულ რესტორანს, თონესა და მარანს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისობის ფესტივალს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბელარუსში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და პრემიერ-მინისტრთან სერგეი რუმასსთან.