საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

7-8 ოქტომბერს “მინსკის დიალოგის” მაღალი დონის ფორუმი გაიმართა

7-8 ოქტომბერს, ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქში, “მინსკის დიალოგის” მაღალი დონის ფორუმი გაიმართა
მინსკის დიალოგის წლევანდელი ღონისძიება ევროპულ უსაფრთხოებას ეძღვნება.

🔷ფორუმის ფარგლებში, პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების ჩართულობით, გაიმართა თემატური სესიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ევროპაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ინიციატივები, განიარაღების საკითხები, გლობალური მოთამაშეების როლი, მედიის როლი კონფლიქტებში და პროპაგანდასთან დაკავშირებული გამოწვევები.

8 ოქტომბერს, მაღალი დონის პლენარული სესია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოსვლით გაიხსნა. ამავე სესიაში მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხზე. დეოკუპაციის აუცილებლობაზე, როგორც რეგიონის ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისათვის.

🔷აგრეთვე გამომსვლელებს შორის იყვნენ საგარეო და უსაფრთხოების საკიხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი, ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ.

მინსკის დიალოგის ფორუმს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია. სამუშაო სესიებში მონაწილოების პარალელურად, გაიმართა ელჩის შეხვედრები საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეისთან და ბელარუსში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, დირკ შუბელთან.

🔷მინსკის დიალოგის ფორუმი რეგიონში ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ერთერთ ყველაზე მასშტაბურ ექსპერტულ ღონისძიებად მიიჩნევა. მასში მონაწილეობენ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები, გავლენიანი ექსპერტები, წამყვანი მედია საშუალებების ანალიტიკოსები. წლევანდელ ფორუმს 61 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ მინსკის დიალოგის 2019 წლის ფორუმის ოფიციალურ მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში და საქართველოს საპარტნიორო ფონდის შვილობილი შპს “ქართული ნატურალური პროდუქტების” მიერ მინსკში დაარსებული “ქართული სახლი”.\